пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

 5

უშეღავათო  ხვედრი

 ავადმყოფი თითქოს ბედს შეურიგდა, თითქოსდა მიხვდა, რომ ასე, ამგვარადაც შეიძლება სიცოცხლე. რა თქმა უნდა, შფოთავდა კიდეც, მაგრამ  სათანადო ყურადღებასაც, უკვე ხაზგასმით ითხოვდა.

ბებური ფრთხილობდა, მაგრამ გულმოდგინედ ეუფლებოდა ყველაფერ იმას, რაც არჩილისნაირი ავადმყოფის მოვლისთვის გახლდათ საჭირო. ედიამაც მოიკრიბა ძალა და მამამთილის ჭრილობიდან გადმოდენილი ქაფი რამდენჯერმე მოსწმინდა.

არჩილი რძალს კეთილად უღიმოდა. შვილის შემდგომ, მხოლოდ ეს, ერთი შეხედვით ჩიორა გოგო, ცდილობდა გულით შეშველებოდა.  ნათესავი ქალები, ქმრებთან ერთად, თავდაპირველად შორიახლოს რომ ტრიალებდნენ, თავისებურად წუხდნენ, ხელს უმართავდნენ და სხვადასხვა მითითებებს იძლეოდნენ, ავადმყოფის მოვლას ვერ ახერხებდნენ. თუმც, არჩილი უყვარდათ, მისგან გაწეული სიკეთე მრავლად ახსოვდათ, მაგრამ ძალი და უნარი არ შესწევდათ, უცაბედი ამონაფურთხით გასვრას შეგუებოდნენ. და შემთხვევით თუ ამგვარი რამ მოხდებოდა, მალულად ამრეზილები, უმალ იმას ცდილობდნენ, როგორმე მსწრაფლ ჩამოეწმინდათ-ჩამოებანათსაშიში შხეფები“.  დაუშურებლად აქებდნენ ბებურს, ჩვენ ასეთ ამაგს ნამდვილებად ვერ გავუწევდითო, ამბობდნენ დანანებით, მალე კი ავადმყოფსა და ცოლ-ქმარს გამოემშვიდობებდნენ, შეჰპირდნენ, კვლავ გინახულებთო დამიტოვებულიოჯახის მისახედად წავიდნენ.

მალე  ედიაც გაისტუმრა (ინსტიტუტს ხომ არ მიანებებდა თავს), გამომშვიდობებისას გულმოდგინედ დაუბარა, მარტოდამარტოს ნაქირავებ ბინაში არ ეცხოვრა და მის ჩასვლამდე რომელიმე დაქალთან დაედო  ბინა. თავის სამსახურში შვებულების შესახებ განცხადება გაატანა და კვლავაც ავადმყოფის ერთგულ მომვლელად დარჩა, რამეთუ  ექთნების და სანიტრების იმედზე მისი მიტოვება არაფრით არ შეეძლო.

დედამისი კი, იქით გახლდათ მისახედი. სიბერე თითქმის ქმარზე მეტად მორეოდა, დიაბეტითა და სახსრების ტკივილით გატანჯული, შინ ტრიალს ძლივსღა ახერხებდა, მეუღლეს, მეზობლის ქალიშვილის ხელით გამამხნევებელ ბარათს გამოუგზავნიდა, იქვე შვილს აიმედებდა, ჩემზე ნუ იდარდებ, ოღონდ მამაშენს ეშველოს რამეო.

ბებური მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე მამისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა.

მის საწოლთან დღედაღამ ერთგული ძაღლივით ტრიალებდა. ბედად, იქაური ნათესავიც ხელს უმართავდა, სხვა მოკეთეებიც (რა თქმა უნდა, ის თანამდებობის მქონე მოხდენილი ქალიც), არ აკლებდნენ ყურადღებას.

თავდაპირველად იმ საავადმყოფოს ყველა ექიმმა მოინახულა ავადმყოფი, მერე რამდენიმემ ბებურს ნიშნის მოგებით უთხრა, აი, ხომ ხედავ, ყველაფერი რა კარგად დამთავრდა, კვლავაც სუნთქავს, გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და ივლის ამქვეყნადო...

ბატონი ვლადი კი თავისებურ პეწს აძლევდა არჩილისმომავალს“...

გაიკეთებს ყელსახვევს ყელზე და ვერც კი შეამჩნევენ, ნაოპერაციები თუ არის...

მისი საუბრიდან ბებურისთვის თანდათანობით ნათელი გახდა, რომ ავადმყოფის ყელზე, სასუნთქი ხვრელი სამუდამოდ დარჩებოდა, თუმც ერთხანს, ვლადის გადაკრული ლაპარაკიდან, იმგვარი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა, თითქოსდა გარკვეული დროის შემდეგ, იმ ხვრელის შეხორცება მოხდებოდა, მაგრამ ამგვარი რამე თურმე საყლაპავი მილის დაზიანების შემთხვევაში იყო მოსახერხებელი.

ალბათ, ამიტომაც გახლდათ არჩილი ვლადის მიმართ უნდობლად განწყობილი, რადგან გრძნობდა ბედისწერის იგი, ლამის მისი კარიერისთვის შეწირულ ბრმა იარაღად უნდოდა ექცია. არადა, ონკოლოგიური საავადმყოფოს ტყვექმნილი, რამდენიმე ავადმყოფი ახალგაზრდა ქირურგის ნიჭისა თუ ხელგაწაფულობის ბედზე იყო.

ჰოლის მხრიდან პალატის კედელს მიდგმულ სავარძელში, მოსვენების მიზნით ჩამჯდარ ბებურს შემპარავად მიაშურა, თითქოს, მოგზაურობდან დაბრუნებულმა ნუგომ.
როგორ გრძნობს თავს? – შიშნარევი ინტერესით ჩაეკითხა.
არა უშავს რა, ეგუება... – თანაგრძნობით მიუგო.
კარგად გადაიტანა, ხომ, ეტყობა, მართლა კარგი ქირურგია, თბილისელმა პროფესორმა ასე მირჩია, თქვენთან მშვენიერი სპეციალისტი ჩამოდის და ბარემ იქ გაიკეთეო. ერთ კვირაში, ალბათ, მეც გამიყვანს საოპერაციოდ... – ოღონდ, ჯერ ვერ დაუზუსტებიათ სად გამჭრან..._ძალისძალად გაიღიმა.

დაბალი, მკვეთრნაკვთებიანი კაცი ფეხაკრეფით მიუახლოვდათ.
რას შვრება? – გაუბედავად იკითხა ერთგვარი აქცენტით, ხმა მასაც ჩახლეჩილი ჰქონდა.
ბებური ასადგომად წამოიწია.
იჯექი, იჯექი, დაღლილი ხარ... – მხარზე ხელი დაადო ნუგომ და მეგობრულად შეაქო: – ყოჩაღ, ასე რომ უვლი..._იგრძნო,  წაჭორავება უნდოდა დადაინტერესდა,_ოპერაცია, რის გამო?

_თუ გადავრჩი, მერე გეტყვი..._გაუღიმა,_არ დაიჯერებ და მაგრად გამისწორდა, რომ შეგხვდი, იმ წლების ძმაკაცი, თითქმის ,არც არავინ შემრჩა და...

_აქ, როგორ მოხვდი, შენ ხომ თბილისში ცხოვრობდი?

_კი, თბილისელი ბიჭი ვიყავი და უცებ... გრძელი ამბავია, თუ გამოვძვერი, დავჯდეთ ჩემთან აივანზე და... ისე იცოდე, ვნანობ, ისგოგო, რომ აგახიე..._რაღაცნაირი, გასაცოდავებული ხმით გამოუტყდა.

ბებური შეცბა...

_შენ, რომ არა, არც მომგონებია, შინ, რომ დავბრუნდი, მორიგ ნაკადზე, რაიონში, ახალგახსნილ ბანაკში გამიშვეს, იქაც, მალევე გავმიჯნურდი, იქც გამომიჩდა მეტოქე, იქაც დავალილავეთ ერთმანეთი

_აა ბედნიერი კაცი! მე კი, მონაგამიური აღმოვჩდი აიმიტომაც დავიჩაგრე...
ბებური შეიშმუშნა. იძულებული იყო, ეკითხა:

_რა შეგემთხვა?

_ბანაკიდან წასულმა, მთელი ათი წელი ვსდიე იმ გოგოს, ბოლოს, მოვიტაცე კიდეც, მივენდე კიდეც და სიყვარულით გაბრუებულს, ბოზი შემრჩა ხელშიბავშვები ლამაზები გამიჩინა, მაგრამ, მაგრად უსინდისოდ მომექცა, ვერ მივბრიდე, ბავშვები უპატრონოდ ვერ დავტოვე, ერთხელაც,  ძმაკაცმა,  გუნდში, კონფლიქტების ჩამფარცხავად წამომიყვანა და შევრჩი აქაურობას, აქაური ქალიც შემრთეს...ოჯახი და მანქანაც კი, მას დავუტოვე, ვიფიქრე ბოლობოლო გავნთავისუფლდი, მაგრამ ამდენი წლის მერე, აგერ, სიკვდილის წინ გამომეცხადა, პირველზე, ერთი მოძველბიჭო მასტი წევს, აქედან მართავს, თავის შავ ბიზნეს, და იმასთან ჩამოდის, ისევ ისე შარმიანია, საქმიან დამა ქალად მოჩანს, შემთხვევით შევხდი და ისე დამიტკბა, არადა, აქაურ ქალთან ისეთი ბიჭი მყავს, სიცოცხლეს მირჩევნია,  და უცებ, თითქოსდა წამოცდა,_მაშინ,  რომ არ დაგეთმო და გეჯობნა, ხომ გადავრჩებდი ამდენ უბედურებას..._გაცურებულივით შესცინა.

ეგ , ვერ არის კარგად!“ არადა, იმ შარმიანი გოგოს სახე,  ძლივსღა გაიხსენა. ახლანდელზე, ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა.

_მგონი მამაჩემი მეძახის!_მოუბოდიშა , ნაჩქარევად გაეცალა.

_გნახავ, კიდევ!_დაადევნა ნუგომ.

ხელი, უკანმიუხედავად წამოსწია.

ცხვირკაუჭა, სახეგაცრეცილი კაცი, თვალებს დამფრთხალი აცეცებდა და თითქოს მოიპარებოდა.
გადაიტანა, ხომ?–განწირული ხმით ჩაეძია და ქოშინს უმატა.
გადაიტანა...
მე მეუბნება, ჯერ დაიცადე, ერთხანს სხივებით გიმკურნალებო, გული გაქვს სუსტი და რისკზე ნუ წავალთო...–ქოშინით შესჩივლა.
ყველანი კარგად იქნებით... – თავისდა უნებლიედ ჩაილაპარაკა ბებურმა და ოთახიდან კაკუნიც გაისმა.

კაცს  ბოდიში მოუხადა და ოთახში შებრუნდა. არჩილს ხელში კოვზი ეჭირა და შიგადაშიგ საწოლის კიდეს უკაკუნებდა.
რა მოხდა, რად მიმატოვე?!– თვალებით უსაყვედურა.
უბრალოდ გავედი... – გაეპასუხა მორჩილად და კოვზს დაჩერებულმა ჰკითხა, – იქნებ მაწონი გეჭამა?

იგი დათანხმდა,  შვილიც უმალ მიუჯდა საწოლთან და დიდი სიფრთხილით დაუწყო ჭმევა, მაგრამ მაწონი ხვრელიდან ზედიზედ წამოქაფდა. ბებური სწრაფად წმენდდა ამოდენილ სითხეს... არჩილმა მაინც ვერ გაუძლო ამგვარ წამებას და მალე შვილის კოვზიანი ხელი მოიშორა.
არა უშავს რა, მიეჩვევი... – ძალა აღარ დაუტანებია. პასუხად ავადმყოფმა, ასე უსირცხვილოდ როგორ მაიმედებო, საყვედურით შეხედა.

მერე შემოვიდა უფროსი მედდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სრული ქალი, ავადმყოფი გულთბილად მოიკითხა, მარჯვენა გაუშიშვლა, მკლავზე ზონარი გადაუჭირა და ნემსი ოსტატურად შეუცურა ვენაში. თან ბებური შეიბრალა, ეგ გაუთავებელი ღამისთევები გაგტეხს, როგორღაც თავსაც უნდა მიხედოო. ბებური უხერხულობისგან წამოწითლდა, უნებლიეთ ესიამოვნა, ვიღაც მის ჯანმრთელობაზეც რომ შეფიქრიანდა.

მამამაც, როგორც იქნა, მიიძინა და ის იყო მასაც უნდა ჩაეთვლიმა, რომ პალატაში იმ ქალაქის მკვიდრი, ნათესავი ქალი შემოვიდა. მოიტანა მოსაკითხი, შეიბრალა ავადმყოფი, ბებურსაც შვება აგრძნობინა და წავიდა. ვაჟმა, რა თქმა უნდა, მადლიერების გრძნობით გააცილია. უკან გამობრუნებული კი დერეფნის ბოლოში მდგარ ცარიელ სკამზე ჩამოჯდა. წამით განმარტოვდა და საკუთარ ფიქრში შეძვრომა მოუნდა.

გვერდით მდებარე პალატაში, ვიღაც ქალი გაბმით კვნესოდა და იქიდან მოვარდნილი სიმყრალის სუნი, ნორმალურ ყოფაში მყოფ ადამიანს აუცილებლად შეაზარებდა. მალე კვნესას შეკივლებაც მოჰყვა.
რა ვუყოთ მაგ საცოდავს, წამალი მაგას აღარ შველის და...  ლპება ცოცხლად! – თითქოსდა ბებურს შესჩივლა იქვე ჩავლილმა გაჭაღარავებულმა ექთანმა, – მიმხედავი მაინც ჰყავდეს ვინმე, მიაგდეს ასე უპატრონოდ...
რა, სულ არავინ არ ჰყავს? – უნებლიედ შეეხმიანა ბებური.
კი ყავს ერთი ბიჭი, მაგრამ სადღაც რუსეთშია გადაკარგული, არც კი კითხულობს ამ საცოდავის ამბავს, ხანდახან და აკითხავს და ისიც ისე იქცევა, თითქოს სტუმრად მოდიოდეს... – ხალისიანად გაეპასუხა ქალი.
მოდით, მიხედეთ, ხალხი არა ხართ! – შეოცხადა ვიღაც ქალმა ლპობამორეული ავადმყოფის პალატიდან.

აბუზღუნებულმა ექთანმა სანიტარი ძლივს მოიხმო, მითითება მისცა და ჰოლისკენ წაფრატუნდა.  სანიტარმა დაიწყევლა, ოღონდ მაინც მოძებნა ცოცხი და ჩვარი.

ბებურის გული შეეკუმშა, რამდენი საცოდაობა ტრიალებდა ამქვეყნად.

თუ ვერაფერს შველიან, ლამაზად გარდაცვალებაში მაინც უნდა დაეხმარონ ადამიანს, ალბათ, სიკვდილიც თავისებურ ხელოვნებას ითხოვს...“ და გარინდებულს, თავისდა უნებლიეთ გაახსენდა ზოგი რამსიკვდილის ხელოვნებისშესახებ...

ავსტრიელი მედიკების მიერ სასიკვდილოდ განწირული პაციენტების მოკვდინება, ინსულინის ინექციის შეყვანითა თუ რაღაც სხვა წამლით და ის ახალგაზრდა ექთანი ქალი, ვინაც ამგვარი ხერხით ექვსი თუ ცხრა ავადმყოფიშეიწყალა“... ორმოციან თუ ორმოცდაათიან წლებში მოღვაწე გერმანელი ექიმი მამაკაცი, რომელიც განწირულთ საწამლავს უტოვებდა და ამით თავისებურ პროცედურებს უკეთებდა... სადღაც ამოკითხული ცნობა თანამედროვე ამერიკული კლინიკების შესახებ, სადაც გარკვეულ საწოლებსამშვენებსაბრები, შემდეგი წარწერით, „უფლება ეძლევა მოკვდეს!“

ბებურმა ამ თმაზე უფრო ღრმად ჩაფიქრება ისურვა, მაგრამ  შერცხვა და ინანა.

მოცუცქულმა გამხდარმა, მხრებში მოხრილმა, ხორბლისფერიანი კაფანდარა კაცი, მის გვერდით მოკალათდა და შესჩივლა:
აა, სადილობის დრო მოდის, მე კი ვეღარაფერს ვერ ვჭამ, ვეღარაფერს... – გაუფერულებული თვალები საწყლობლად მიაპყრო. – ადრე,  ცოლს, მსუყედ გავაწყობინებდი სუფრას და იცოცხლე, მივულხენდი! ახლა დასანახად აღარაფერი მინდა, მაქვს შესაძლებლობა, რომ არ მქონდეს სხვა საქმეა, მაგრამ... – მკერდზე, გულთან სამი თითი მიათამაშა, – გულს არ უნდა, ვერ ვეკარები საჭმელს. ადრე შემწვარ გოჭს, ილარჯს, რომ დავინახავდი, ვირეოდი. ახლაც, კი მოაქვთ ჩემთვის, ხშირად მაკითხავენ, მაგრამ უკან ვატან ყველაფერს... – და თვალი სასადილოსკენ მიმავალ ხეიბარ ავადმყოფთა ჯგუფისკენ გაექცა.

ბებურს ცოტა უცნაურად კი მოეჩვენა მისი ჩივილი, მაგრამ მაინც გულმოდგინედ დააიმედა:
მოგივათ , აუცილებლად მოგივათ...
არა, შენ არ მომიკვდე, საიდან უნდა მომივიდეს... არა, შემწვარი გოჭის ხორციც კი არ მინდა... – სამი თითი, ისევ მიათამშა გულთან კვლავ მიათამაშა. თვალი ისევ გაექცა სასადილოსკენ მიმავალი ხალხისკენ. – წავალ ვნახავ, იქნებ უბრალო საჭმელზე მაინც მომივიდეს გული... – მსწრაფლ წამოდგა და გაცუნცულდა.

ღმერთმა  მადლი მოგცესო, გულუბრყვილოდ დაადევნა ფიქრში. ერთხანს გაკვირვებული მისჩერებოდა დანაყრების წადილით გამოცოცხლებულ ავადმყოფებს, რომელთაგან ზოგს ფინჯანი თუ ჯამი ბაირაღებივით მიჰქონდათ.

მერე უწყინარი გამოხედვის, რაღაცნაირად თვალებაცრემლებულმა კაცმა ჩამოიარა. ბებურთან შეჩერდა, გამოეცნაურა, მამამისის ამბავი გამოჰკითხა და პასუხს არც კი დაუგდო ყური, ისე დაამატა:
ვიცი, კარგად იქნება, ჩემთან, სოფელში, ერთი კაცი, ოცი წელი მაინც იქნება, მასე ყელგახვრეტილი დადის, სუნთქვას შეუფერხებლივ და ღვინოსაც არხეინად სვამს. აგერ მე, ტყუილად შემიკლეს ხელში, რაღაც, აქკისერზე მოივლო ხელი, – გამიძვირკდა, გადმომგზავნეს ამითათან, სხივებით გავიწოვთო და მოგარჩენთო, მაგრამ რა ხანია აქ ვარ და არ იშლება ეს უპატრონო, არადა, ოჯახი მიტოვებული მყ ავს,  შევივლია შაბათ-კვირას, ეზოში ცოტას წავიმუშავებ და ვბრუნდები უკან. რა ვქნა, აქ დასაწოლად ვის სცალია... შეხედე, შეხედე! – რაღაც სხვაგვარად გამოცოცხლდა იგი და ბებური კიბისკენ გაახედა, რომელიც ტანმორჩილმა, პიჟამიანმა კაცმა მსწრაფლ ამოირბინა, ერთბაშად შებრუნდა და მოპირდაპირე მხარეს მალვით გაუჩინარდა, – აი, ის კაცი, ამ საავადმყოფოს დამარსებელია, ყოფილი დირექტორი, ახლა ავადაა და აქ ერთი ოთახი აქვს გამოყოფილი, ყოფილი საყვარელი პატრონობს,  აი ის, უფროსი ექთანი... ხანდახან ასე ჩუმად გამოირბენს ოთახიდან, უმეტესად ჩაკეტილია შიგ და იმ ქალის გარდა, არავის იკარებს... – ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა თვალებაცრემლებული კაცი.

არის რაღაც რომანტიკული ამ ამბავში, გაიფიქრა ბებურმა და მოულოდნელად ჰოლში მდგომ მაგიდასთან მიცუცქული ჭაღარა ექიმის შეძახილი გაისმა:
არ მაქვს, დედის სულს გეფიცები, სეიფშია ჩაკეტილი!

მის წინ ჯიუტ, გამოფიტული იერის მქონე კაცი იდგა და რაღაც სურვილის შესრულებას მბრძანებლურად სთხოვდა.
ეგ ქურდია, მეგობარი ყავს აქ, როგორც უნდა ისე შემოდის და გადის, ახლა, ალბათ, მორფს ითხოვს, დაშინებული ჰყავს ყველა... – უმალ მიაწოდა შესაფერისი ცნობა თვალებაცრემეულმა და საფეხურებზე ამორბენილ ვლადის გზა დაუთმო.

როგორ გრძნობს თავს? – ფეხზე წამომდგარ ბებურს მიაჩერდა ქირურგი.
ცისფერი თვალები მეგობრულად უკრთოდა.
ძინავს... – პალატისკენ წარუძღვა.

ვლადიმ მახვილი მზერა მომავალო ნაოპერაციებს და ბებური ჩვეულებისამებრ დაარიგა:
მთავარია, არ გაცივდეს, მხოლოდ მაწონი და ისიც მცირე დოზით მიეცი... – კიდევ ერთხელ აუხსნა, როგორ უნდა გამოეღო ხვრელში ჩადებული მილიდან პატარა მილიაკი, როგორ უნდა გაეწმინდა და დაებრუნებინა საწყის მდგომარეობაში... – გამოღვიძებულ არჩილს გამამხნევებელი სიტყვები უთხრა, მილაკი ამოაცალა, ბებურს მიაწოდა.

მანაც გულმოდგინედ შეასრულა თავისიმისია“. გაეხარდა, როცა ბინტით გასუფთავებული მილაკი, „საბუდარმილში ისე ჩადო, რომ არჩილი ტკივილისგან არ შეტოკებულა.

ავადმყოფს კი, ჩვეულებისამებრ, განაწყენება დაეტყო, თავისებურად მიანიშნა შვილს, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, შენ როგორ თავობო. ვლადიმაც, როგორც ყოველთვის, დაამშვიდა:
პირიქით, უნდა გიხაროდეთ, ბატონო არჩილ, რომ თქვენი შვილი ამგვარ ინიციატივას იჩენს. გეფიცებით, ამჯერად არ გვყავს ექთანი, ვინც მასზე უკეთ და გულისყურით შეძლებს თქვენს მოვლას, თანაც მალე მაგგვარ ოპერაციებს სხვებიც გაიკეთებენ და ყოველ ავადმყოფს თითო ექთანს ხომ ვერ მივუჩენთ...

გაღიზიანებული ავადმყოფი ვერც ექიმის ავტორიტეტულმა ხმამ დაამშვიდა, შვილს კვლავ უნდობლად შეაცქერდა, მერე ქაღალდი და ფანქარი მოითხოვა.
როგორ ბედავ, რა იცი შენ ამ საქმის!“ დაწერა მსხვილი ასოებით. ბებური მიიბუზა, მიხვდა, ამგვარ ავადმყოფს გამუდმებული მეთვალყურეობა ესაჭიროებოდა, ექთნები კი ამგვარი ინიციატივის გამოჩენას აშკარად გაურბოდნენ, ვლადისთან მომუშავე ახალგაზრდა, გასათხოვარ გოგოს, ორჯერ ზედიზედ გაუვარდა ხელიდან მილაკი და ექიმი რომ არ მიშველებოდა, საქმე ცუდად იქნებოდა. დაფეხვილ სანიტრების იმედზე ყოფნა ხომ ზღაპარი იყო...

ამაზე უკეთ, თქვენ აქ არავინ მოგივლით, ჩემმა ექთანმა რომ ნახა, რა რთული საქმის გაკეთება მოუწევს, უკვე გაქცევაზე აქვს თვალი, ასე რომ, ასე მარჯვე და მონდომებული შეგირდი, ამ საავადმყოფოში არ მეგულება... – ნდობის ამღვძრელი ხმით აუხსნა ქირურგმა, ღიმილით გამოემშვიდობა, და კარისკენ შებრუნებულმა, ბებურს გადაულაპარაკა, – თუ ოდნავ რაიმე გართულება მოხდეს, უმალ შემატყობინე, გინდ შინ ვიყო წასული... – ზღურბლს იქით შეკრებილ ხმაჩახლეჩილ მამაკაცებს კი მიმართა: – ერთი კვირა, კიდევ ერთი კვირაც მოითმინეთ და თქვენც გეშველებათ!

ავადმყოფები უმალვე იმედიანი ფუსფუსით აედევნენ.

***

 6

შეღავათო  ხვედრი

საღამოხანს,  მამის საწოლთან მდგარ სავარძელში,  გარინდებული ბებური, ვიღაც ქალის აჩხლებულმა ხმამ შეაშფოთა. ხელში ჩაბღუჯული დოლბანდი

მამის ყელისკენ მექანიკურად წაიღო, მერე წამოდგა და ოთახის ღია კართან მიდგა.

დერეფანში, მორიგე ექთნის მაგიდასთან,  აფოფრილი იდგა, მაღალი, თამბაქოსფერად თმაშეღებილი  ქალი. იქვე კედელთან მიდგმულ დივანზე, საშუალო სიმაღლის, მკვირცხლი იერის ხანშიშესული კაცი იჯდა.
როგორ თუ არ გაქვთ?! იმის ინვალიდი ნაბრძოლი კაცი ასეთ დღეშია, ეკუთვნის და როგორც გენებოთ, ისე გამოუყავით ცალკე ოთახი! – ითხოვდა გაკაპასებული დიაცი.
ხომ გითხარით, ინვალიდთათვის განკუთვნილი, აი, ის პატარა ოთახი გვაქვს, იქ კი, უკვე გვიწევს მძიმე ავადმყოფი... – კვლავ განუმარტა ბატონმა სერგიმ.
მე ეგ არ მეხება, გინდ მძიმე იყოს, გინდ მსუბუქი, ის ოთახი ჩვენ გვეკუთვნის და სხვაგან არ დავაწვენთ! – უხეშად გაეპასუხა.

მთავარმა ექიმმა ბებურს გამოხედა და მისკენ წამოვიდა. ბებური გაგება.
ხომ ყოჩაღად ხართ? – ნაძალადევი სიმხნევით მოიკითხა ექიმმა და აუწყა: – სხვა გზა არაა, უნდა შემოგისახლოთ, თორემ ეს ქალი ისეთი ვინმე ჩანს, თავებს დაგვაწყვეტს. კი, კი, ზემოთ, ფანჯრის მხარეს, ერთი საწოლი, ალბათ, კიდევ დაეტევა. მერე მამაშენი როგორც კი მომჯობინდება, სხვაგან ოთხსაწოლიან პალატაში გადავიყვანთ...
თქვენი ნებაა... – გაეპასუხა და დივანზე მჯდომ კაცს, რომელიც, მკვირცხლი იერის მიუხედავად გაჭირვებით სუნთქავდა, თანაგრძნობით გახედა.

მალე კი ექთანმა და სანიტრებმა ფართოდ გააღეს ორივე კარი, შემოიტანეს საწოლი, ბებურიც წაეშველა...

არჩილს წყენა დაეტყო, შვილს მიანიშნა, აქ, სხვა ავადმყოფის დაწვენა კიდევ როგორ შეიძლებაო. შვილი მიხვდა, მშობელს მოსალოდნელი სივიწროვეზე უფრო ის აწუხებდა, რომ უცხო ხალხი უნდა გამხდარიყო ყოველწუთიერი მოწმე მისი დასაკნინებელი ყოფისა.

სერგიმ გთხოვა, ადგილი არა აქვთ... – ცხვირსახოცი ოფლიან შუბლზე გადაუსვა.

იქ, ზემოთა მხარეს, კედელთან მიდგმულ საწოლზე, სანიტარმა ლოგინი გაშალა და ახალი ავადმყოფი მოაწვინა.

აქ რა გვინდოდა, ასეთ მძიმე ავადმყოფთან, ჩვენ ხომ ცალკე ოთახი გვეკუთვნოდა! – გაანერვიულებული დიაცი პალატაში ბუზღუნით შემოვიდა, ისევ საჩხუბრად აფოფრილს ჰგავდა, მედიდურად ჩაუარა ბებურს, არჩილის ამრეზით გადახედა და ფანჯარასთან შემდგარმა უკუსვლით მიშავალი კაცი გამოლანძღა: – რანაირი კაცი ხარ, ვერ გამიგია, ხმის ამოღებას ვერ ახერხებ, შემოეკვეხე ამ სოროში, აქ როგორ უნდა ისუნთქო?!

კარგი, კარგი... – დაამშვიდა კაცმა, დამხვდურებს მიესალმა, – მოვთავსდებით, ყველანი მოვთავსდებით... – ლოგინზე კვნესით წამოწვა.

ჩემზე სულ არ ფიქრობ! – კვლავ დააყვედრა დიაცმა.

ქალბატონო, არც ჩვენ გვქონდა სურვილი საავადმყოფოში მოვხვედრილიყავით, ასე რომ თუ მაინცდამაინც გსურთ გულის მოოხრება, უმჯობესია შეეგუოთ... – სევდიანი ღიმილით შეესიტყვა ბებური.

ქალბატონმა უნებლიე მოკრძალება იგრძნო მის მიმართ. თმაზე ხელი მოავლო, ყელი შეპარვით მოიღერა  და თითქოს ირონიულად მიანიშნა, იქნებ, ჩემს გულშიც ჩაიხედთო.

თავის დროზე, ალბათ, ლამაზი ექნებოდა, ახლა ორმოცდაათ წელს იქნებოდა მიღწეული და თუმც ტანი, ვითომდაც მოხდენილად ეჭირა, სახეზე ნაოჭები მოსძალებოდა. ცხვირწვეტა იყო, ქედმაღლური გამოხედვა ჰქონდა, მოუსვენარ ხასიათს ამჟღავნებდა.

თითქოს მალე ჩაწყნარდა, თეთრი ხალათი ჩაიცვა და ქმრის მოვლას შეუდგა. მკვირცხლი იერის კაცმა კი ბებურს გულისყურით გამოჰკითხა ავადმყოფის მდგომარეობა, მათ ვინაობასაც გაეცნო და მერე თავისი გასაჭირი უამბო: ფილტვებს ვიტკივებ და სუნთქვა მიჭირს, უცებ შემომიჩნდება რაღაც და გასაქანს არ მაძლევსო...

ტუბდისპანსერიდანონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოწერეს! – ამობოქრდა ცოლი. – რა ჭირდა აქ გამოსაწერი, მაგრამ თავიდან მოგვიშორეს... – და იმის მტკიცებას მოჰყვა რომ საცა ჯერ იყო, იქ იჩივლებდა.

მაგრამ პალატაში შემოსულმა ბატონმა სერგიმ თავისებურად დაამშვიდა:

ვნახოთ, ქალბატონო, ანალიზებს ავუღებთ და მერე თუ შესაძლებელი იქნება, სხვა განყოფილებაში გადავიყვანთ... – კაცს რაღაც ხმადაბლა უთხრა, მერე არჩილს გაუღიმა და პალატა დატოვა.

დიაცი კვლავ აბუზღუნდა, აშკარად პრივილეგირებული ავადმყოფის პატრონად თვლიდა თავს, ჭირვეულობდა, სუნთქვადამძიმებული ქმარი მის დაშოშინებას ცდილობდა. მერე, როცა ის შინაურებმა მოინახულეს, ქალმა დრო იხელთა და იქაურობას გაეცალა. ბებური კი, იმ კაცის რძლის საყვედურებიდან მიხვდა, რომ ქედმაღლური გამოხედვის ქალისთვის, სენშეყრილი, რიგით მესამე ქმარი გახლდათ. შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზაკვარ დედაკაცს, ეს საცოდავი ხელში ჰყავდა მოქცეული და თავის ჭკუაზე ატრიალებდა. მერე ვაჟიშვილმა მოირბინა, თმახუჭუჭა ვაჟმა, მამას მიესაყვარლა და მოუბოდიშა, სამსახურიდან არ მიშვებენ და რა ვქნაო... ბოლოს, „მზაკვარი დედაკაცისფეხებგრძელმა, ქერათმიანმა გოგომაც შემოირბინა, მამობილი მოიკითხა, მოყვრები გადაკოცნა, ბებურს ცნობისწადილით გამოხედა და მოშიშვლებული ლაჯები თამამად მიმოხარა.

ბებური კი, ხალხმრავლობით გაღიზიანებული მამის სხეულიდან ტკივილის გამოხმობას ლამობდა, შუბლსა თუ სახეზე მოდენილ ოფლს სუფთა ცხვირსახოცით ფრთხილად უმშრალებდა.

*

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

 

Комментариев нет:

Отправить комментарий