пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/ ვუძღვნი მამის ხსოვნას... დასაწყისი


  უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/ 

1

მხოლოდ უანსაკუთრებულმა შემთხვევამ მაიძულა მოგმართოთ და მივიპყრო თქვენი  ყურადღება, მოგითხროთ იმ დევნის შესახებ, რომელსაც უკვე, რამდენიმე წელია განვიცდით. „დევნაამ ამბავს,  იმიტომ ვუწოდეთ, რომ რიგი შემთხვევებისა, ისე დალაგდა... თითქოსდა, ვიღაც ან გარკვეული სამსახური, მართლაც გააზრებული გეგმაზომიერებით ცდილობს შიშისა და პანიკის ქვეშ გვამყოფოს. კარგა ხნის მანძილზე, ვითომდა საგანგებოდ არ ვიმჩნევდი ხსენებულდევნას“, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი შემთხვევითობა ძალზე გახშრდა და საგონებელში ჩამაგდო.

აგერ უკვე ზედიზედ. მეოთხედ გაგვქურდეს, წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეიძლებოდა...

ჩემს მეუღლეს კი, დღისით-მზისით, უცნობი წყვილი გამომწვევად აედევნა და შინ გულგახეთქილი მოვარდა...

ბებურმა ავტოკალამი  მაგდაზე მიაგდო. მორიგ უაზრობად მიიჩნია ყველა იმ ფათერაკის აღწერა, რაც თავს გადახდენოდათ. ვისთვის უნდა მიემართა, ვინ უნდა შეეგდო ნამუსზე?! აკი, თითქმის. ყველამ ყველაფერი იცოდა. ჯანმთელობაშერყეული ედია, საავადმყოფოში მეორედ მოხვდა და ახლა იმაზე მოთქვამდა, რომ მეტად, ბავშვი აღარ ეყოლებოდა...

ბებურმა თავგანწრვით ინატრა, სარდაფთან ერთად მიწის სიღრმეში ჩაძირულიყო, ისე თავგანწირვით, რომ წუთით მოეჩვენა, რომ მართლაც ქვესკნელისკენ მიექანებოდა და შვება იგრძნო.

ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, ბებურმა ჯიქურ მიიხედა. თვალები შურისმაძიებლურად უელავადა.

_ბებურ!_გაისმა სახლის პატრონის შემპარავი ხმა, _დეპეშაა სოფლიდან!

_რა დეპეშაა?!_გამოერკვა ბებური.

_მამაშენი ყოფილა ცუდად..._წითლად თმაშეღებილმა მკაცრი იერის, წარბებაწკეპილმა ქალმა დეპეშა გაწვდილ ხელში შეატოვა.

_გმადლობთ!_დაუფიქრებლად გაეპასუხა ბებური და ნაბეჭდ ასოებს შემკრთალი დააცქერდა.

მამაშენი  ცუდადაა, სასწრაფოდ ჩამოდი“_ დეპეშას დედა უგზავნიდა.

იგი ერთხანს მზერაგაშტერებული იდგა და მკერდიდან დაძრულ ტკივილს, თითქოსდა სადღაც მოუსავლეთში მიჰყვებოდა.

მერე მიხვდა; დარჩენილი ავლა-დიდება სასწრაფოდ უნდა გადაეზიდა ახალნაქირავებ ბინაში. მატარებლის ბილეთის აღებამდე კი დაქალთან გახიზნული  ედიას მონახულება მოესწრო.

***

2

მამამისი, წარმოსადეგი და მკვრივი აღნაგობის მოხუცი, სახლის უკანა ოთახში იწვა და ძლივს სუნთქავდა.

საწოლის გარშემო შეკრებილიყო მოკეთე-ახლობელთაკონსილიუმი“. მოხდენილი, ორმოც წელს გადაცილებული ქალი, სიმპათიური, ჩასუქებული  მამაკაცი,  შაოსანი, გამუდმებული გლოვისგან სახედანაოოჭებული ქალი და სოფლის სამედიცინო პუნქტის კეთილი ექთანი.

ლოგინში სანახევროდ წამომჯდარი, ბალიშზე მხრებით მიყრდნობილი არჩილი სივილით სუნქავდა. უმალ დაემჩნა ვაჟის დანახვამ რომ გაახარა, თვალები იმედიანად წამოენთო, მაგრამ შვილის ფეხდაფეხ ოთახში შემოსულ მეუღლეს, მობერებულ, თმაჭაღარა ქალს, მაინც საყვედურით ჰკითხა:

_ბიჭს, ვინ შეატობინა?!

_აბა, რა მექნა, ამაზე ცუდად, შენ ჯერ არ ყოფილხარ და...

_რა მოგივიდა?_იკითხა შემცბარმა შვილმა, მამისეული იერისა და ლაზათის ახალგაზრდა კაცმა, მიეახლა და გადაკოცნა.

მამამისმა ოდნავ წამოწეული ხელი შეძლებისდაგვარად  ჩაიქნია.

_მომივიდა სიკვდილის ხანი..._თქვა თითქოსდა ბედს შეგუებულივით, ოღონდ, აშკარად ემჩნეოდა სიცოცხლე სურდა. საკოცნელად დახრილ ედიას გაუღიმა,_სწავალას რატომ მოცდი?!_თბილად უსაყვედურა.

_ინსტიტუტში ყველაფერი რიგზე მაქვს, ამაზე, ნუ იდარდებთ..._კეთილად დაამშვიდა რძალმა და მისი თვალთვალით გართულ  კონსილიუმსმორიდებით მიესალმა.

ბებურმა მოხდენილი, ორმოც წელს გადაცილებული ქალი გადაკოცნა, ჩასუქებული მამაკაცი და სახედანაოჭებული ქალი გულითადად მოიკითხა. მერე იქ მყოფთ ედია წარუდგინა და ისევ მამამისს შეაჩერდა.

_ვეუბნებოდი, შვილო, მიხედე მაგ ყელს -მეთქი. არადა არ გაადგა შინიდან ფეხი, შარშანწინ რომ გაცივდა, მაშინ დაუტოვა გრიპმა, მერე საშველს აღარ აძლევდა..._და დედა მისთვის, ჩველებისამებრ, თანამიმდევრულად მოჰყვა იმას, თუ როგორ გაცივდა მისი ქმარი, ორიოდე წლის უკან. რამაც ვითომდა ყელის ტკივილი დაუტოვა, როგორ მიასწავლეს მახლობელ დაბაში მცხოვრები ცნობილი ექიმი, რომელმაც ავადმყოფს, ჯირკვლისა თუ ნერვის ანთება დაუდგინა, რა გულმოდგინედ ასმევდა ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს, თუმც არჩილი ყელში ევკალიპტის  ნაყენის გამოვლებას არჩევდა, ოღონდ ბოლოს, ყოველგვარი მკურნალობა მობეზრდა, აღარაფერი მშველისო, ხელი ჩაიქნია და ძალით დაიღუპა თავი...

_ეგ არაფერი,_მხნედ წარმოთქვა ბებეურმა_ეგ არაფერი, _ალბათ ბრონქიტი ჩამოუყალიბდა..._მოკეთეებისკენ მიიხედა და სიმპათიურ, ჩასუქებულ მამაკაცზე შეაჩერა მზერა.

_ჰო, გულგასახეთქი არაფერია, მაგრამ საავადმყოფოში სასწრაფოდ უნდა დააწვინო, თუ გინდათ, მე მიგიყვანთ, ფრიად კარგი ქირურგი გვყავს, იმას გავასინჯებთ, სულ ახლახანს ჩამოვიდა მოსკოვიდან, ძალზე ნიჭიერი ბიჭია...

_კი, ძალზე აქებენ..._დაუმოწმა მოხდენილმა ქალმა,_რა ხანია ვიცნობ, ჩემი მეგობრის მეუღლეა, წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდნენ და ახლახან დაბრუნდნენ.  ჩამოიყვანე ჩვენთან, ბიძია არჩილს, არაფერს გავუჭირვეებთ!_ამაყად დააბოლავა.

_ჰო, რა თქმა უნდა, მე, იმ საავადმყოფოში, თავისთავად ვარ და ვარ... სხვა, თამრიკომ მოინდომოს და ჩვენს ქალაქში, რა დაუდგება წინ!_ხალისიანად დაემოწმა ჩასუქებული კაცი.

დაბნეული ვაჟი ბოლოს და ბოლოს იმედიანად შეაჩქერდა მათ.

ის ორნი, არცთუ ისე შორს მდებარე საკურორტო ქალაქიდან იყვნენ, სადაც მოხდენილ ქალს წარმოსაჩენი თანამდებობა ეკავა, კაცი კი, ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ. ოღონდ, თავად ბებურს იმჟამად ასე ეგონა, რომ იგი ერთი ჩვეულებრივი საავადმყოფოს რიგითი ექიმი იყო.

_საავადმყოფოს მთავარი ექიმი, აგერ აქ გვიზის, სხვა რაღა გვინდა, თუმც, მაინც შენ უნდა გადაწყვიტო, ოღონდ, იცოდე არ დააგვიანო, _მოსალოდნელი საფრთხე მიანიშნა თამრიკომ.

_დღეს თუ არ მოხერხდება, ხვალ აუცილებლად  უნდა ჩამოიყვანო...-დააზუსტა კაცმა.

ორჭოფულად  მოცქერალმა ბებურმა ორივეს მადლობა  მოუხადა და რაღაც  სხვა გადაწყვეტილების მისაღებად შეემზადა.

_კი, სერგისთან მირჩევნია..._ამოთქვა მამამ.

_ნუ გეშინია, ნუ გეშინია ჩემო არჩილ, არაფერს მოგაკლებთ!_უმალ გაამხნევა სერგიმ.

_შენ გაგახარა ღმერთმა!_დალოცა შაოსანმა და ბებურს უთხრა:-კიდევ კარგი, ჩვენდა ბედად, სერგი ერთი-ორი დღით, სტუმრად იყო ჩამოსული თავისიანებთან.

_მაინც, რა უნდა დამართნოდა?!_გადაუჩურჩულა მინდობილმა, წასასვლელად წამომდგარ სტუმარს და მოღლილი დედის სახეს თვალი აარიდა.

_ეგ დასადგენია, მაგრამ დაგვინება არ ივარგებს!_ბეჭთან ხელი მოუთათუნა სტუმარმა.

და უეცრად ბებურმა იგრძნო მოსლოდნელი იყო, მამისი, ვისი მხნედ ყოფნა თავისებურად ეამაყებდა, მომკვდარიყო.

გააჟრჟოლა, გული მოეწურა, თითქოს ყველასდა შეუმჩნევლად დაპატარავდა. მერე ძალიძალად გაიშალა მხრებში და კარისკენ წასულ სტუმრებს მასპინძლური იერით მიჰყვა.

***

3

 უშეღავათო ხვედრი

 ალიონსისას მამის ხავილიმა გამოაღვიძა. არჩილი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ისე ხრიალებდა, თითქოსდა ფილტვები დასკდომაზე ჰქონოდა.
მამა, მამა! – მიეჭრა შვილი.
მამამისმა ორივე ხელი მკერდზე მიიდო, შვილს საწყლად ახედა.
აა, ასე, ერთი კვირაა, დილით ამ დროზე, ყელში შემომაფრინდება და მახრჩობს... – შესჩივლა არაქათგამოცლილმა.
ალბათ ბრონქიტი გაქვს... – ჩაილაპარაკა აჩქარებულმა, ვითომდაც იმედისმომცემი დასკვნა და ახლაღა იგრძნო, რა ძალუმად უყვარდა მამა, რომ ამ სამყაროსთან კაცური არსებით მხოლოდ ისღა აკავშირებდა.
ოთახში დედამისი შემოვიდა, თავი გადაიქნია და ბედს შეჩვეულივით თქვა:
შვილო, უნდა მოვამზადოთ...
ბებურს კი თავგანწირვით ეწადა ავადმყოფს როგორმე სუნთქვაში შეშველებოდა.
ახლოს განსაკუთრებული სინაზავით იგრძნო, მხოლოდ მისი ჯილაობისა რომ იყო, და რაღაც ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მისი სისხლი და ხორცი.
ღამით, ძილგაფრთხობს, მისდამი მალული სიყვარულით აღვსილი მამისეული გამოხედვა ელანდებოდა. ერთადერთი ბიჭის მისასალმებლად თითქოს დროს რომ ვერ ჰპოულობდა და იმ გამოხედვით ივსებდა გულს.
სანათესაოს, სამეგობროს გადაყოლილი სტუმართმოყვარე ოჯახში მუდამ მოუცლელობა იყო.
მობრძანდით, მობრძანდით!!!“, – თითქოს განუწყვეტლივ გამოსცემდნენ სახლის კედლები.
პატარა ბებურს მშობლების მაგივრად, მათი გულუხვი მასპინძლობისგან დავალებული ადამიანები ეფერებოდნენ და ეთამაშებოდნენ. დედამისის კი მხოლოდ ჭკუის დარიგებას გახლდათ მიჩვეული და ისინი ამგვარიმიუკარებლობითერთადერთ შვილს თავისებურ თავდადებით ზღუდეს უგებდნენ, იმ სიყვარულში უნებლიეთ გაპარულ შურისა თუ ღვარძლის უვნებელსაყოფად.
ისეთი მზიანი ამინდი იდგა, ისეთი ნათელი, ხალისით სავსე, რომ სიკვდილის არსებობას მიავიწყებდა კაცს, მაგრამ სიკვდილი თითქოს აქვე, მის მკერდთან, მამის სხეულში იწყებდა ასულდგმულებას.
გზატკეცილზე ასფალტი ბევრგან აყრილიყო და მძღოლს გამომზოგილი სიჩქარით უწევდა მანქანის ტარება. ნათესავი ქალები არჩილის სწრაფ განკურნებას უქადდნენ და მალული შიშით უთვალთვალებდნენო. მერე წახემსებაზეც კი შესთავაზეს, უხერხული ბებურისთვის აბა მხარი, მაგრამ მამამისმა უარის ნიშნად იმგვარად ამოიხრიალა, რომ შვილს საკუთარი თავი შესძაგდა, რადგან მოშივებოდა, ახლა მართლაც შეეძლო გულილად სუფრას მისჯდომოდა.
გვერდით მჯდომ ელიას ხელი ხელზე ფრთხილად მოუჭირა.
ელია, ეს მომცრო ტანის, სანდომიანი გოგო, მისი ერთადერთი ნუგეში გახლდათ, ერთი წელიც არ იქნებოდა, რაც იცნობდნენ, იქამდე კი რაღაც ექვსიოდე თვის ნაცნობობა თუ ექნებოდათ, მაგრამ ბედისწერის კარნახით, უკვე ერთურთს ისე შეთვისებდნენ, უმეტესწილად თითქმის უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.
საავადმყოფოში მოსული სერგი გულითად შეხვდათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ავადმყოფს ექცეოდა. უმალ თავის კაბინეტში შეიპატიჟა, სავარძელში ჩააბრძანა, გაამხნევა. მერე ბებურს ხელი ბეჭთან მოუთათუნა და იმ ახალგაზრდა ქირურგის მოსაყვანად გასწია, წინა დღეს ისე ხაზგასმით რომ აქო.
არჩილის სუნთქვა თითქოსდა ოდნავ ჩაწყნარდა და მისი გარეგნული იერის მოსასწორებლად დაფაცურებულ ქალებს მადლიერებით გაუღიმა.
ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მალე დაბრუნდა. თან მოჰყვა როსტომცენი, ასე, ორმოც წელს მიღწეული, თვალებმოციმციმე კაცი, რომელიც დამხვედურთ თბილად მიესალმა, არჩილი დაკვირვებით შეათვალიერა, ყელზე თავისებურად გაღიმებული მზერა შეავლო. მერე მისთვის საეჭვო მცირე თითებით ფრთხილად მოუსინჯა, თან შეშფოთებულ ქალებს მიანიშნა, კაბინეტი დატოვეთო. ბოლოს არჩილის პირის გაღება სთხოვა, ხაზში გამშლელი მზერით შეაცქერდა და მტკიცედ წარმოთქვა;
გასაგებია, ყოველივე გასაგებია... – ავადმყოფის გასინჯვას უმალვე თავი მიანება და ღიმილით დააიმედა, – გიმკურნალებთ, აუცილებლად გიმკურნალებთ...
რა მჭირს? – ძლივს ჰკითხა არჩილმა და უიმედობით აღგზნებული თითქოსდა შეემუდარ: – კიბო?
არა, კიბოს ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, სასუნთქი იოგების დამბლა უნდა გქონდეთ...
მეშველება რამე? – ავადმყოფი შეეცადა ექიმის გამოხედვა დაეჭირა.
გეშველებათ, გეშველებათ... ჯერ მოისვენეთ, მერე ვისაუბრებთ... – მის ხმაში სიფრთხილე გაერია, ისევ ყელზე უთვალთვალებდა.

აბა, ჩემო ვლადი, შენ იცი, როგორ ყურადღებას მიაქცევ, ჩემი ახლობელია და ამაზე უკეთესი კაცი, მე არ მეგულება ჩემს სოფელში... – ასეთი შემოხვევისთვის სავალდებულო შექებულება გააყოლა სერგიმ და ლოდინში გაჩინდული ბებური წარუდგინა: – ეს მისი შვილია, ხელოვნებასთან შეჭიდებული კაცი...

მოხარული ვარ... – ახალგაზრდა ქირურგმა თავი დაუკრა და ისე, თითქოს სხვათაშორის, წარმოთქვა: – ბატონი სერგი, ალბათ, ახლავე გამოგიძებნით შესაფერის პალატას...

ჰო, ჰო, – სერგიმ ავადმყოფს ვითომდაც წამოდგომაში შეეშველა, კაბინეტიდან გამამხნევებელი სიტყვებით გაიყვანა.

ბებური ექიმს კრძალვით მისჩერებოდა.

ალბათ, წამლებსაც დაუნიშნავთ? – გულუბრყვილოდ ჰკითხა უცებ.

დავუნიშნავ მაგრამ... – ვლადიმ შეხედა, თითქოს შეამოწმა. – დაბრძანდით, შესთავაზა მერე და როცა ბებურმა ფეხზე დგომა არჩია, გადაჭრით გაუმხილა: – მაგრამ არ მგონია, რომ უშველოს, ქირურგიული ჩარევაა საჭირო, თანაც სასწრაფოდ!

როგორ?! – დაიზაფრა ბებური და გუმანით მიხვდა, რა სახის ქირურგიულ ჩარევას გულისხმობდა ექიმი. – არა, რას ამბობთ, რააც ისე უნდა მოვუაროთო...

ისე, ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ, – წყენა დაეტყო ვლადის, – დაბრძანდით აგიხსნათ რაშია საქმე...

მუხლმოკვეთილი ვაჟი სკამზე ჩამოჯდა. ვლადი მაგიდას მიუჯდა, ავტოკალამი აიღო და თეთრ ფურცელზე პირის ღრუ მოხაზა.

მოიწიეთ, ჩემკენ მოიწიეთ! – სთხოვა და როცა ბებური საკმაოდ მაგიდასთან მიჩოჩდა, განაგრძო: – აი აქ, პირის ღრუს კედლებში... – და გულდასმით აუხსნა თუ როგორ სუნთქავს ადამიანი, რა როლს ასრულებს ესა თუ ის ნაწილი, რომ მამამისს ერთი იოგი განგებუფებული აქვს, დამბლადაცემული, ხოლო მეორე ძლივსღა ირხევა და საცაა ისიც შეწყვეტს ფუნქციონირებას, რის გამოც გარდაუვალი ხდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, ყელზე ხვრელის დადება, რაც სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს მოხუცს...

მერე შემზარავი დაუყოვნებლივ ამ ოპერაციის უბრალოება, ის, რომ თუ ავადმყოფს ჯანმრთელი გული აქვს, რაც სერგისგან მიღებული ინფორმაციით ზუსტად ასე უნდა იყოს, მან, ავადმყოფის ქირურგსავითა, პირიქით, აქეთ უნდა შესთავაზოს და სთხოვოს ქირურგიული ჩარევა. რომ შემდეგ ავადმყოფი ყელსახვევით ყელდამშვენებული ივლის და ვერც ვერავინ შეამჩნევს ხვრელს მის ყელზე და თუ იგი თავს გაუფრთხილდება, კიდევ რამდენიმე წელიწადს იცოცხლებს, მერე რა, რომ მხცოვანია, ჯერ ხომ მალიონი სავსეა და შეუძლია რამდენიმე წელიწადი კიდევ გამოჰტაცოს სიცოცხლეს...

არა, იქნება, როგორმე სხვაგვარად ვიმკურნალოთ, ოპერაციის გარეშე, ნუთუ სხვა საშუალება არ არსებობს?.. – ამოდუღდა ბებურში.

არა, სხვა, ისეთი, რაც აუცილებელ შედეგს მოგვცემს ამჯერად არ არსებობს! – მოუჭრა ექიმმა, – სხვა, თქვენს გარდა, გყავთ ვინმე ოჯახში, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლია? – თვალებში უნდობლობა აესახა.

დედაჩემი თავად ავადმყოფობს... – ყოყმანით მიუგო.

ჰოდა, მაშინ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ!

მე წინააღმდეგი ვარ! – ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა მიეცა იმაზე თანხმობა, რომ მამისთვის, რომლის წარმოშავლედი და მხნე იერი, სულ რაღაც ცოტა ხნის წინათ ეამაყებოდა, ყელი გაეხვრიტათ...

კარგი, ვნახოთ, დავუნიშნავ წამლებს, მაგრამ არა მგონია, რაიმე შედეგი გამოიღოს, შეცდომები საბაბები მოეხსნას, მაგრამ იფიქრეთ, რაც გითხარით, იმაზე იფიქრეთ!

მადლობა გადაუხადა, ალბათ, იმისთვის, წამლებით მკურნალობა კატეგორიულად რომ არ უარყო. ოთახიდან გონარეული გავიდა და იქვე სერგის შეეჩეხა.

თქვენი ბედი, თქვენი ბედი, რომ ეს კაცი ახლახან ჩამოვიდა, ამგვარი ოპერაცია ერთი-ორჯერ მეც კი გამიკეთებია, მაგრამ შემთხვევის მიხედვით, თითქმის ყველგან მიწევდა კაცის გაჭრა, მაგ კი, კერძოდ, ამ საქმეშია სპეციალიზებული, ოქროს ხელები აქვს, ძალზე აქებენ... მამაშენი უკვე გადავიყვანე იქითას, სამადლობლო ინვალიდთათვის განკუთვნილი ოთახი გამოვყავი, მართალია, მამაშენი ინვალიდი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ხალხის სამსახურში იყო თავდადებული...

იქნება ოპერაციის გარეშე მოგვეხერხებინა რამე... – თხოვნით შეხედა ბებურმა.

კი ბატონო, ძალაზე კი არ ვართ! – განაწყენდა მთავარი ექიმი, – ვნახოთ, არ მგონია, რაიმე უშველოს სნაირებით მკურნალობამ, იცოდე, მერე გვიან არ იყოს, თქვენს ბედზე, ეს კაცი ჩამოვიდა და ... – კაბინეტისკენ გაოცებული იერით გაემართა.

არჩილი ვიწრო, გრილ ოთახში რაღაცნაირად მოუხერხებელ საწოლზე იწვა, თვალები მიელულა და გამომზომილად სუნთქავდა.

შორიახლო ელია გარინდებულიყო...

პალატის კართან ნათესავი ქალები იდგნენ.

რაო, რა გითხრეს? – თითქმის ერთხმად შესჩურჩულეს ბებურს.

და როცა პასუხი მოისმინეს, ასევე ერთხმად შეიცხადეს.

თუ სხვა რამე არ შეუძლიათ,  ნუღარ აწვალებენ მაინც... – კეთილად დაუზუსტა მერე ერთმა მათგანმა. – ხომ იციან, კაცი ოთხმოცდაორი წლისაა...

თავისებურად აბრაზებდა, როგორც ყოველთვის, არ ესიამოვნა, მამის ასაკი რომ შეახსენეს.

არ არსებობდა ასაკი, მამის სიბერე და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის დროულობა რომ გაემართლებინა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგად უგებდნენ ერთურთს და ის განმასხვავებელი ხუთი ათწლეულიც საგრძნობლად ილეოდა.

აი, ღმერთივით კაცი...“, – უნებლიე სიამაყით გაიხსენა მამის ნათქვამი, რომელიც საბოლოოდ სამსახურს ჩამოცილებულმა არჩილმა, მოცალეობის ჟამს, მარკუს ავრელიუსისფიქრებისწაკითხვის შემდეგ მიაძახა.

ვნახოთ, ვნახოთ, როგორ იქნება... – ჩაილაპარაკა იმედაღძრულმა და ნათესავ ქალებს მიმართა: – ნუღარ შეყოვნდებით, მატარებელზე არ დაგვიანდეთო... – ელიას კი იმ ქალაქში მცხოვრებ ახლობელთან წასვლა და მის ბინაში მოსვენება ურჩია.

 უშეღავათო  ხვედრი

 მთელი ღამის უძინარს, სავარძლიდან წამოდგომა უძნელდებოდა. სასოწარკვეთით შესცქეროდა სიკვდილით მსუნთქავ მამას. თავად, რაღაცით თითქოსდა მარტოდ დარჩენილი, ძალაგამოცლილ მეციხოვნეს დაემსგავსებოდა.

მერე ის თანამდებობის მქონე მოხენელი ქალიც მოვიდა.

წეღან ვლადის მეუღლემაც კი დამირეკა, ძალზე წუხს ჩემი ქმარი, შვილი თანხმობას არ იძლევაო... – სიყვარულით უთხრა მან.

არ შემიძლია, გამიგე,  არ შემიძლია, თუ გადავწყვეტ, თავად გადავწყვეტო...

შებრუნდა ის მოხენლი ქალი, მიეახლა შორიახლო შემდგარი სერგი.

ამბობს მამაჩემმა გადაწყვიტოსო... – გადაულაპარაკა სტუმარმა.

რააღას აყოვნებ, მოელაპარაკე! – წაქეზებით გამოსძახა სერგიმ.

გაუბედავად შევიდა საწოლზე წამომჯდარ მამასთან, აცალა ჩაწყნარება და დაძაბულმა წამოიწყო:

აღარ გამოგვდის ამგვარად მკურნალობა, ექიმი მეუბნება... –შეყოვნდა.

ოპერაცია უნდა გამიკეთოთო?.. – თითქოს წაეშველა მამა.

ჰო, მარწმუნებენ, არაფერი არ დააჩნდება, ყელზე ყელსახვევს შემოიხვევს და...

თუ ასე კარგია, ადექი და შენ შემოიხვიე ყელზე ეგ ყელსახვევი... – ხრიალით ამოაყოლა სუნთქვას ავადმყოფმა.

შვილს ნაღველი ჩაეწურა მკერდში. მიხვდა, მშობლის ნერვებმა უმტყუნეს.

არც მე ვარ თანახმა, თუ ასეა, თბილისში წაგიყვან და იქ გიმკურნალებენ... – უნებლიეთ, გაიხარა კიდეც, ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება რომ მიეცა.

არჩილმა თავი დაუქნია.

სამადლობლოდ, ის კაცი მოსკოვიდან აქ დაგხვდა ჩამოსული და შენ, სადღაც გადასაკარგავში მიგყავს?! შეიგნე, იქამდე ვეღარც ჩააღწევს!.. – ხმას აუმაღლა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

ასე როგორ შეიძლება, ბებურ, – აშკარად იწყინა მოხენელმა ქალმა. – ჯერ, ეს ხალხი შევაწუხეთ, კაცმა დიაგნოზი დაუსვა და ახლა სხვაგან მიგყავს?! – ვლადი თავს იკლავს, ავადმყოფს რომ დაეხმარო, იმის საშუალებას არ მაძლევთო...

ჰმ! – ხელები გაშალა სერგიმ და გვერდზე გადგა.

ბებურს ეგონა, აიძულებდნენ მამისთვის სასტიკი განაჩენი გამოეტანა. ვერასზით წარმოედგინა ყელზე ხვრელდატანებული მამამისი.

ეს წარმოადგექი, ახოვანი კაცი, რომელიც, რაღაც ოთხიოდე საათის უკან რენტგენის კაბინეტისკენ, სხვის დაუხმარებლად, მიდიოდა ჩვეული სიმტკიცით, ბედის უკუღმართობისა თუ მისი გადაწყვეტილების წყალობით, „ყელგახვრეტილსდაემსგავსებოდა.

თავად მას, გულუბრყვილოდ, მაგრამ უცილოდ სწამდა, რომ არსებობდა რაღაც საშუალება, წამლის სახით, რაც ისე, ქირურგიული ჩარევის გარეშე გადაარჩენდა მამამისს.

მერე გაურკვევლობით შეპყრობილი ბებური, დედის ნათესავ ქალს უსმენდა:

რას ამბობ, – აფრთხილებდა იგი. – რაღა დროს მაგ საცოდავის ოპერაციის გაკეთებაა, რას ამბობ, მაგ რა ენაღვლებათ, გააწვალებენ კაცს და... – ეჭვგარეშეა, ისიც არჩილს იბრალებდა.

ყველასი, ყველასი ძალზე მადლობელი გახლდათ, ოღონდ მას, მართლაც, აღარ შეეძლო მამის ამგვარი ტანჯვისთვის ეცქირა.

მზერაგახევებულს  უცაბედად ჩასთვლიმა , მალე გამოფხიზლდა, იმგვარი განწყობა დაუფლებოდა, თითქოს ვიღაცამ სირბილით არაქათი გამოაცალა.

შეშფოთებით შეაცქერდა მამას. იგი უსიცოცხლოდ იწვა, თითქოს. აღარც კი სუნთქავდა.

მამა! – შესძახა სასოწარკვეთით და სავარძლიდან წამოვარდნილი დაფეთებული დააცქერდა.

არჩილს კისერი გვერდზე გადაეგდო და სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალ არ ამჟღავნებდა.

ბებურმა ხელი წაუმუწ, ავადმყოფი, არც ახლა განძრეულა შეშინებულმა ექთან ქალს გასძახა.

შემოვიდა ტანმაღალი, ოქროს ბეჭდებითთითებმოვარაყებულიქალი.

წეღან, რა ნემსი გაუკეთე?! – თავისდა უნებლიეთ ჩაეძია.

რაც ექიმმა დაუნიშნა... – უწყინარად მიუგო ქალმა, – ბიძია, ბიძია! – დასძახა ავადმყოფს, სახეზე ხელი მოუთათუნა, – ექიმს დავუძახებ... – თქვა ჩვეული სიმშვიდით და ოთახიდან გავიდა.

მამა! – ბებურმა მშობლის მხრებზედ ხელები შეაცურა და წამოსწია.

არჩილის თავ-კისერი მოეღრიცა, ბებურმა ისევ ბალიშზე მიაწვინა და ახლაღა იგრძნო, მამამისი თუმც ოდნავ, ძლივს შესამჩნევად, მაგრამ მაინც სუნთქავდა.

მოვარდა ბატონი ვლადი, ქერათმიანი, სახეაფერადებულ ქალთან ერთად, ფეხდაფეხ მოჰყვნენ ბატონი სერგი და საავადმყოფოს დირექტორი, ძვალმსხვილი, ბრტყელი კაცი.

ვლადიმ ავადმყოფი პროფესიული მოქნილობით გასინჯა, თავი გადაიქნია და ბრძანა:

ხომ ვამბობდი, – ბებურს შეხედა. – ხომ ვამბობდი, ქირურგიული ჩარევა სასწრაფოდ უნდა მოხდეს-მეთქი! – საოპერაციოდ უნდა გავამზადოთ... – ბატონ სერგისა და დირექტორს შეაჩერდა.

სუნთქავს... – გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა შვილმა.

გონს რომ მოვა, მერე იქნებ გვიან იყოს, ან იქნებ, საერთოდ არ მოვიდეს გონს!

რაღას ვუცდით?! – გაოცებით იკითხა ქერათმიანმა ქალმა.

ხომ ხედავ, პატრონი თანახმა არ არის, აქეთ რომ უნდა შემოგვეხვეწოს, იქ გვხვეწნინებს... უნდა მომიწეროს ხელი, თორემ მერე, შესაძლოა, გვიჩივლოს კიდეც... – კვლავ ობოქრდა საავადმყოფოს დირექტორი.

როგორ, თქვენ არა ხართ თანახმა?! – განცვიფრებული შეაცქერდა  ქერათმიან ქალი.

მე ვერ გადავწყვეტ, გონს რომ მოეგება და საკუთარ თავს კისერგამოღადრულს იხილავს, რა ვუთხრა მერე... – ვერაფრით ვერ გაეგო ამ ხალხს, რად არ სურდა, მისი სატკივარის გულთან მიტანა.

იცით, თქვენ რას ჩადიხართ? ხვდება თუ არა, მინდა როგორმე ავადმყოფს მივეშველო და ამის საშუალებას არ მაძლევთ, ჯიუტად არ მაძლევ... – გაწიწმატებული  ვლადი საწოლს გაეცალა.

ასეთი დროს, ლურსმნით, ლურსმნით უნდა გაუხვრიტო ავადმყოფს ყელი, ოღონდ როგორმე სუნთქვის საშუალება გაუჩინო, შენ კი... – ბრტყელ შუბლზე ბრაზიანად მიიდო ხელი დირექტორმა.

ორი კვირითაც რომ გაუხანგრძლივო სიცოცხლე, ორი კვირითაც, ისიც საქმეა!!! – წამოეშველა ქერათმიანი კოლეგა, და ბებურს ბავშვს რომ დაუცაცხანებენ, ისე დაუყვირა: – თქვენ კი დამდარხართ აქ  და ნერვებს გვიშლით!_მალევე კი, მშვდად მიადევნა,_მოეგება გონს, გონს მოეგება და თავად გადაწყვეტს... –იქურობას გაეცალა და უფროსი მედდის მაგიდასთან სავარძელში ჩაჯდა.

ვერაფრით წარმოედგინა, მამამისი, თავმომწონე კაც, როგორ უნდა ვენებოდა მეორე...

ეცი, კაცს პატივი?!  ჩამოყვანინე, სასწრაფოდ დააწვინე და ოპერაციის გაკეთებაზე უარს აცხადებს... – შესჩივლა სერგიმ ვიღაცას.

ქერათმიანი ქალი აღშფოთების ნიშნად ხელებს ასავსავებდა და ვლადის რაღაცას უმტკიცებდა. ავადმყოფი თითქოს ყველას მივიწყებოდა.

საულე საშუალება თუ გაუკეთეთ? – ჰკითხა ჩუმად მკერდსავსე, ოქროს ბეჭდებითთითებმოვარაყებულექთანს.

ქალმა ვითომდა თანაგრძნობით გაუღიმა და თავი დაუქნია.

ამისთვ ჟანგბადის ბალიშს კვლავ გავუმზადებ, – ჩუმად გადაულაპარაკა და მერე ისე, სხვათაშორის დაუმატა, – რა თქმა უნდა, წაყვანა სჯობს, ოპერაციის შემდეგ ერთ-ორ თვეს თუ იცოცხლებს, თქვენც გაწვალდებით და... – დირექტორის ძახილზე უმალვე  წამოხტა და ორდინატორის ოთახში შესულ ექიმებისკენ გაემართა.

ბებური მსრაფლ წამოდგა და მამ მიაშურა. თითქოს მის შესვლას ელოდაო, არჩილმა თვალები გაახილა.

მამა... – მიესიყვარულა შვილი.

ავადმყოფმა ჯერ გაოცებით მიმოიხედა, მერე ცნობისმოყვარედ შეაჩერდა შვილს.

ყველაფერი კარგად იქნება, ამსაღამოსვე გავემგზავრებით... – ანუგეშა იგი და ზღურბლთან მდგომი ია შენიშნა.

როგორაა? – ჩუმად იკითხა იამ და როცა ვითარების შეფასების საშუალება მიეცა მამათილთან მივიდა, – გამარჯობათ! – მიესალმა ხავერდოვანი ხმით და ბავშვური უმწეობის მეტყველი ღიმილით დააცქერდა, – მალე უკეთესად იქნებით... – ანუგეშა მერე.

შენ ვინ მოგიყვანა?! – კმაყოფილებით გაიღიმა არჩილმა.

თავად მოვედი, პატარა კი არა ვარ... – მშვიდად გაეპასუხა, ავადმყოფს შუბლზე ამბრა და როცა მამამთილმა თავისებურად უსაყვედურა, სწავლას რად მოცდიო, კეთილად დაამშვიდა, ნუ დარდობთ, რამდენიმე დღით ლექციებზე დასწრებისგან გათავისუფლებული ვარ... – ჩანთიდან მაწვნის ქილა და ცხელი ლავაში ამოიღო, – ჩემი ხელით უნდა გასაუზმოთ და იცოდეთ, არ გამიჯიუტდეთ... – გაუღიმა მერე.

ვებამოგვრილ ბებურს სახეზე გაოცება აღებეჭდა,  ია ისე იქცეოდა, თითქოს აქაურ ვითარებას სრულად ფლობდა და ამგვარი ავადმყოფის ხილვაც ჩვეულ ამბად მიაჩნდა.

უცაბედად იგრძნო, ქალი მის კოცნას ელოდა. მივიდა, ლოყაზე ფრთხილად ეამბორა, მშობელს მეგობრულად დაადო მხარზე ხელი, ბოლოს შებრუნდა და ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა, რათა თვალზე მომდგარი ცრემლი დაემალა.

კიბეზე ჩამავალი ნათესავს გადააწყდა, – მომცრო ტანის ლამაზ კაცს.

გამარჯობა! – ხელი ჩამოართვა მან, – შენს სანახავად მოვდიოდი, დაან შეწუხებულია სერგი, წეღან დამირეკა, იქნებ შენ მოგესმინოსო. ასე მითხრა, იქაც ოპერაციას შესთავაზებენო, თუ ასეა, რაღა აზრი აქვს წაყვანას, მაგ ბიჭთან თურმე იქიდან ჩამოჰყავთო არჩილის მსგავსი ავადმყოფები...

თავად არ იძლევა თანხმობას... – მიოშველია მამის სიჯიუტე.

რა ვიცი, რა გირჩიო... – ორჭოფულად გამოუტყდა ნათესავი, – ჩემს ბიძაშვილს დაემართა ეგ ამბავი, ოცდაათი წლის არც იყო, სანამ გაგუდვის  პირის არ მივიდა, ოპერაციაზე არ დაგვთანხმდა, რომ გაჭრეს სისხლმა ჭერამდე ასხა, მერე ცოტათი მიიკეთა, მასხრობდა კიდეც, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ მოეძალა ის უბედურება და... – როცა შეამჩნია, ბებურის სახეზე სიფითრე მოსდებოდა, იბეზე ხელი იტაცა, რამე თუ გჭირდება, აგერ ვარ...

არა, გმადლობთ, სერგის ნახვა მინდა... – უთხრა დაბნეულმა და მიანიშნა, ალბათ, კიდევ შევხვდებითო.

ბატონი სერგი უხალისოდ შეხვდა.
აღარ იშლი შენსას, ხომ, დირექტორმა მე მისაყვედურა.

ბებურმა ბოდიში მოუხადა და დახმარება სთხოვა.

კი მაგრამ, დირექტორი უკვე წავიდა, მე კი მოგიწერდი ხელს, მაგრამ მიმართვის ფორმები მას აქვს სეიფში ჩაკეტილი. იცოდე, რისკზე მიდიხარ, იქნებ ვეღარც ჩააღწიოს, მერე შენ თავად დაგეწყება გული, გინდა, მე მივალ და კიდევ ერთხელ ავუხსნი...

კი ბატონო, აუხსენით... – ბედს შეგუებულივით დაჰყვა იგი.

სერგიმ მხარზე ხელი დაჰკრა და წინ წაიმძღვარა. ბებურმა ფეხი აითრია და ჩამორჩა.

მეორე სართულზე ასულს ია შემოეგება, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თავი მკერდზე მიადო და უმწეოდ ჩასჩურჩულა.

იცი, როგორ მეცოდება...

ჰო, კარგი, კარგი, უკეთ გახდება! – მოჩვენებითი სიმტკიცით დაიიმედა, მკერდიდან მოიშორა და თბილისური ამბები გამოჰკითხა, თან ნამალევად  მამის პალატას უთვალთვალებდა.

სერგი და ის ახლობელი ოთახიდან ოციოდე წუთის შემდეგ გამოვიდნენ.

ეგეც შენსავით ჯიუტი ყოფილა, ის ბოლოს, რამდენჯერმე მკითხა, რაო, ბიჭი რა ამბობოს? შენ თუ ურჩევ, ალბათ, გადაწყვეტს კიდეც... – გამოხედვით მიანიშნა, რომ თავად იგი აბრკოლებდა მამამისის გამოჯანმრთელების ამბავს.

ბებური წამით დანაშავესავით აიწურა. მერე იას მიუბრუნდა და უთხრა:

თბილისში უნდა წავიყვანოთ, გადი სადგურზე და ამ საღამოსთვის ოთხი ბილეთი აიღე... – ჯიბიდან ფული ამოიღო, მიუთვალა და შეეცადა სერგის ბრაზიანი გამოხედვისთვის თვალი აერიდებინა.

ოთახში შესულს, ლით მსუნთქავი არჩილი გამომცდელად მიაჩერდა, შვილისგან შკარა შველას გადამწყვეტი სიტყვის თქმას ელოდა.

ვგრძნობ, ვეღარ გავატან... – წარმოთქვა მძიმედ, – თანდათანობით შეეკრა სუნთქვა.

ბებურმა ჟანგბადით სავსე ბალიშში მიაშველა. არჩილმა ოდნავ მოითქვ სული, მაგრამ მალე კვლავ რიალდა.

ვიხრჩობ, ბიჭო, – უცებ წამოიწია, საწოლიდან ფეხები გადმოჰკიდა, მის კიდეზე ჩამოჯდა და ბალიშის დაეწაფა.

კვლავ ძველებურად ხრებგაშლილი და ახოვანი ჩანდა და ეს უფრო ამძიმებდა შვილის სასოწარკვეთილებას.

ღრმად, ღრმად ჩაისუნთქე... – შესთხოვა იგი.

არჩილმა თავი აიღო და შვილს მუდარით უთხრა:

აა, ბიჭო, სხვა თუ არაფერი შეგიძლია, მოიტანე ნაჯახი, დამარტყი და გამათავე!

მამა... – დასცდა გამომშრალი ხმით. წამით შეეშინ, ეგონა, ვიღაცამ  ნაჯახი მიაჩეჩა ხელში და ისე შეაცქერდა, მზად ვარ თავი შემოგწირო, ოღონდ როგორმე სხვა გამოსავალი აპოვნინო...

თანახმა ვარ... ამოიხრიალა არჩილმა, – იქნებ მეშველოს რამე, მოვკვდები და ის იქნება, მოვისვენებ...

ღმერთმა დაგიფაროს...

ჰო, შვილო, სიკვდილის მადლია ახლა ჩემთვის...

ბებურმა თავზე ხელი გადაუსვა,  მერე ოთახიდან გავიდა,  ექთანს უხმო და მთავარი ექიმის სანახავად გასწია.

სერგი სადღაც წასულიყო, მაგრამ უკან მობრუნებულს, ექიმი ვლადი, უკვე არჩილის საწოლთან დახვდა. შესამჩნევად გამოცოცხლებულიყო.

უკეთ ხართ, ხომ, ბატონო არჩილ? ხვალ ამ დროს ბევრად უკეთ იქნებით... – დაამშვიდა ავადმყოფი, ბებურს მეგობრულად შეხედა და იქვე მდგომ ექთანს გადაულაპარაკა, – გამაყუჩებლები გაუკეთეთ!...

გამიკეთეთ, გამიკეთეთ ოპერაცია! – თითქმის უბრძანა არჩილმა და დაძაბული ხელი ყელზე შემოიჭირა.

დღეს უკვე გვიანაა, ეს ღამე უნდა მოითმინოთ, ჟანგბადის ბალონი ხშირად იხმაროთ, ხვალ კი, დილითვე შეგამზადებთ და... იგი მაჯას უსინჯავდა, სიტყვებს აჭიანურებდა, მთელი ყურადღება ავადმყოფის გულისცემისკენ ჰქონდა მიმართული, – აბა, მხნედ იყავით, ბატონო არჩილ! – უცებ გამოემშვიდობა. – ყველაფერი კარგად ჩაივლის... – ავადმყოფთან ერთად თითქოს საკუთარი თავიც გაამხნევა, ოთახიდან გავიდა და ბებურს მკლავზე ხელი შეავლო, თან გაიყოლა.

დღეს მაინც არაფერი გამოვა, უკვე გვიანია, საოპერაციოს გამზადება უნდა, ანესთეზიოლოგი წასულია, თანაც, ისე გაბრაზებული წავიდა, შემორიგება მოგვიწევს, წეღან თავგადაკლული რომ გირჩევდათ, აი, ის ქერათმიანი ქალი... ეგ არაფერი, მე დავურეკავ და ხვალვე აქ იქნება. ექთანი დარიგებული მყავს, ავადმყოფს, რა საკვების მიღება და რისი დალევა შეუძლია... თუ რამე საეჭვო შეამჩნიოთ, აუცილებლად დამირეკეთ! – ჯიბიდან ავტოკალამი ამოიღო, მორიგე ექთნის მაგიდასთან დახრილმა ფურცელზე ორი ადგილას ტელეფონის ნომრები დაწერა, მერე ფურცელი აკურატულად გააცკევა ორად,  ერთი მათგანი მაგიდაზე დატოვა, მეორე ბებურს გაუწოდა, – ინებეთ... – და როცა მის გაოცებულ მზერას წააწყდა, თავი იმართლა, – რა ვქნათ, ბატონი სერგი არ გახლავთ ადგილზე, მეგობრებმა მოიკითხეს და...

და იმგვარი იერით გაეცალა,  ბებურმა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა.  ერთხანს დაბნეული დასცქეროდა ფურცელზე დაწერილ ტელეფონის ნომერს, მერე მთელი ყურადღება გადაიტანა მომვლელ  ქალზე,  ვისაც არჩილის თვალ-ყურის დევნება ჰქონდა დავალებული.

*გაგრძელებები ბლოგთა მომდევნო გვერდებზე_უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

 *** 

 *** 

დიახ, ამ რომანის ძირეული ფრაგმენტი 1977 წელს გამოქვეყნდა, რომანის მთავარ მოჭირნახულესა და მის თანხმლებ პირებს, განგებამ მრავალჯერ მიაგება მძიმე განსაცდელი. 

ოთხმოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომლის არსებას ახლა,  ტრამვირებული ვაჟიშვილის ყოფა აჩანაგებს, ხშირად, ისევ, იმას დარდობს, რომ ჯეროვნად, ვერ ემსახურა ქირურგიული ოპერციის შედეგად, თითქოსდა გადარჩენილ, არსებითად კი,  დასახიჩრებულ მამას.

თუმც, მკითხველისთვის, საინტერესო და საამო უფრო ის იქნება, რომ თავდაპირველი ხელნაწერის გადახედვისას, ავტორის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომანის საჟურნალო ვარიანტად შემჭიდროებისას, უარყოფილი „იდუმალების“ მომცველი, ქვეფაბულები, რომელთაც გამოძახილი თანამედროოვეობაში ჰპოვეს...

ავტორი

”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარი რომანიდან) _ "The Art of Death" a novel... ( Some parts from the novel)


ანოტაცია

…და ღირს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მრავალთაგან მრავალჯერ ციტირებული პლატონისეული ”შეფასება”:
”რა არის ფილოსოფია?” ჰკითხეს პლატონს, _ ”ფილოსოფია _ ეს არის მომზადება გარდაცვალებისათვის” _ მიუგო მან.
…და 
ეს განმარტება, თითქოს, ამ რომანსაც მიესადაგა; მაგრამ სატკივარს, რომელიც მასშია მოთხრობილი, სხვაგვარი ახსნაც აქვს…

***

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий